როგორ მუშაობს ვებსივრცე მარტივად აგიხსნით თუ რა ხდება, როცა შედიხართ ვებგვერდზე ბრაუზერით თქვენი კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან.

ეს თეორიული მასალა არ დაგეხმარებათ კოდის წერის მალე ათვისებაში, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესწავლისას, ნამდვილად გამოგადგებათ იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი კულისებს მიღმა.

კლიენტები და სერვერები

კომპიუტერებს რომლებიც ინტერნეტქსელში არიან ჩაბმული, ყოფენ კლიენტებად და სერვერებად. ამ მარტივ გამოსახულებაზე წარმოდგენილია თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი:

  • კლიენტები ჩვეულებრივ არის რიგითი მომხმარებლების მოწყობილობები (მაგალითად თქვენი კომპიუტერი დაკავშირებული Wi-Fi ქსელთან ან თქვენი ტელეფონი დაკავშირებული მობილურ ქსელთან), აგრეთვე ამ მოწყობილობებზე გაშვებული პროგრამები (უმეტესად ბრაუზერები, როგორიცაა Firefox ან Chrome).
  • სერვერები კი არის კომპიუტერები, რომლებიც ემსახურება მომხმარებლებს ანუ კლიენტებს. სწორედ სერვერებზეა განთავსებული ვებგვერდების ფაილები, საიტები, ვებპროგრამები. როცა კლიენტის მოწყობილობას სურს საიტთან წვდომა, სერვერიდან ჩამოიტვირთება ვებსაიტის ფაილები, რომელთა გახსნასა და ჩვენებასაც უზრუნველყოფს მომხმარებლის ბრაუზერი.

დანარჩენი მხარეები

ზემოთ აღწერილი კლიენტი და სერვერი, მხოლოდ არ მონაწილეობს ამ საქმეში. კიდევ უამრავი მხარეა ჩართული, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვებსივრცე არის გზა. ერთ ბოლოში არის კლიენტი, მაგალითად თქვენი სახლი. მეორე ბოლოში კი არის სერვერი, როგორიცაა მაღაზია, სადაც რამის ყიდვა გსურთ.

კლიენტისა და სერვერის გარდა, ასევე უნდა გავეცნოთ შემდეგ საკითხებს:

  • ინტერნეტ-კავშირი: საშუალებას გაძლევთ გაგზავნოთ და მიიღოთ მონაცემები ვებსივრცეში. ესაა ქუჩა, თქვენს სახლსა და მაღაზიას შორის.
  • TCP/IP: Transmission Control Protocol (მონაცემთა გადაცემის მართვის ოქმი) და Internet Protocol (ინტერნეტის ოქმი), ანუ წინასწარ განსაზღვრული წესების კრებულები, რომელთა შესაბამისადაც მონაცემები იგზავნება ვებსივრცეში. ესაა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დახმარებითაც მიდიხართ მაღაზიაში, რომ გააკეთოთ შეკვეთა და შეიძინოთ საყიდლები. ჩვენს მაგალითში, შეიძლება იყოს მანქანა ან მოტოციკლეტი (ასევე ნებისმიერ სხვა რამ, რაც მოგაფიქრდებათ).
  • DNS: Domain Name Servers (ინტერნეტმისამართების დასახელებათა მომსახურება) არის ერთგვარი მისამართების წიგნი. როდესაც საიტის სახელს წერთ ბრაუზერში, იგი ეძებს DNS-ით საიტის ნამდვილ მისამართს, რომლითაც შეძლებს მასთან დაკავშირებას. ბრაუზერს ესაჭიროება გამოარკვიოს, თუ რომელ სერვერზე მდებარეობს საიტი, რომ HTTP-შეტყობინებები გაგზავნოს სწორ ადგილას (ქვემოთ იხილავთ). ეს იგივეა, რაც მაღაზიის მისამართის დადგენა, სანამ წახვალთ საყიდლებზე.
  • HTTP: Hypertext Transfer Protocol (ურთიერთდაკავშირებული ტექსტების გადაცემის ოქმი) არის პროგრამა-ოქმი, რომელიც განსაზღვრავს ენის წესებს, რომლითაც კლიენტი და სერვერი შეძლებენ ურთიერთობას ერთმანეთთან. ჩვენს მაგალითში ესაა ენა, რომლითაც აკეთებთ შეკვეთებს მაღაზიაში.
  • შემადგენელი ფაილები: საიტი აწყობილია უამრავი სხვადასხვა ფაილის მეშვეობით, რომლებიც შეიძლება მივამსგავსოთ სხვადასხვა საყიდლებს მაღაზიაში. ეს ფაილები ძირითადად ორი სახისაა:
    • კოდის ფაილები: ჩვეულებრივ ვებსაიტები აწყობილია HTML, CSS, და JavaScript-ის კოდებით, თუმცა სხვა საშუალებებსაც გაეცნობით მომავალში.
    • მასალები: ასე შეიძლება მოვიხსენიოთ ყველაფერი დანარჩენი, რაც ქმნის ვებსაიტს, მათ შორის სურათები, ხმოვანი ფაილები, ვიდეოები, წერილობითი დოკუმენტები, PDF-ები და ა. შ.

მოკლედ, რა ხდება უფრო ზუსტად?

როდესაც კრეფთ მისამართს თქვენს ბრაუზერში (ჩვენი მაგალითით, მიდიხართ მაღაზიაში):

  1. ბრაუზერი უკავშირდება DNS-მომსახურებას და პოულობს სერვერის ნამდვილ მისამართს, რომელზეც საიტია განთავსებული (პოულობთ შესაბამისი დასახელების მაღაზიის მისამართს).
  2. ბრაუზერი უგზავნის HTTP-მოთხოვნის შეტყობინებას სერვერს, რომლითაც უცხადებს, რომ სურს საიტის ჩამოტვირთვა კლიენტზე (მიდიხართ მაღაზიაში და აკეთებთ შეკვეთას). ეს შეტყობინება და ყველა მონაცემი, კლიენტსა და სერვერს შორის იგზავნება ინტერნეტკავშირის გავლით TCP/IP ოქმების მეშვეობით.
  3. თუ სერვერი მიიღებს კლიენტის მოთხოვნას, გაუგზავნის შეტყობინებას „200 OK“, რაც ნიშნავს რომ „რასაკვირველია შეგიძლიათ იხილოთ საიტი! აგერ ისიც“, შემდეგ კი დაიწყებს საიტის ფაილების გაგზავნას ბრაუზერისთვის პატარა ნაწილებად, რასაც ეწოდება კრებულები, ანუ პაკეტები (მაღაზია გიფუთავთ შენაძენებს და მოგაქვთ სახლში).
  4. ბრაუზერი აერთიანებს ამ ნაწილებს დასრულებულ საიტად და გაჩვენებთ ეკრანზე (ახალთახალი შენაძენები უკვე სახლშია — მშვენიერია!).

DNS-მომსახურების შესახებ

საიტების ნამდვილი მისამართები, არაა ლამაზი და დასამახსოვრებელი ტექსტები, მისამართების ველში შესაყვანად და სასურველი გვერდის მოსაძებნად. ისინი საგანგებო სახის რიცხვებია, რომლებიც ჩაწერილია ხოლმე შემდეგნაირად: 63.245.215.20.

მათ ეწოდება IP-მისამართები და წარმოადგენს უნიკალურ მისამართს, ვებსივრცეში. ალბათ შეამჩნიეთ ხომ, რომ მართლაც რთული დასამახსოვრებელია? სწორედ ამიტომაც გამოიგონეს ინტერნეტმისამართების სახელთა მომსახურებები (Domain Name Servers). ისინი საგანგებო დანიშნულების სერვერებია, რომლებიც თქვენ მიერ აკრეფილი საიტის დასახელების (მაგალითად „mozilla.org“) მიხედვით, არკვევს საიტის ნამდვილ (IP) მისამართს.

საიტებზე შესვლა, პირდაპირ მათი IP-მისამართებითაცაა შესაძლებელი. ვებსაიტის IP-მისამართი შეგიძლიათ მონახოთ მისი სახელის მეშვეობით IP-ის დამდგენი ხელსაწყოთი.

კრებულების შესახებ

ზემოთ გამოყენებული ტერმინი „კრებულები“, იგივე „პაკეტები“ აღწერს მონაცემთა სახეს, რომლებიც იგზავნება სერვერიდან კლიენტზე. რა იგულისხმება ამაში? ჩვეულებრივ, როცა მონაცემი იგზავნება ვებსივრცეში, იგი იყოფა ათასობით მცირე ზომის ნაწილად, რომ ბევრ სხვადასხვა მომხმარებელს შეეძლოს ერთი და იმავე საიტის ჩამოტვირთვა ერთდროულად. ვებსაიტი რომ ერთ მთლიან ნაწილად აგზავნიდეს ფაილებს, სხვა მომხმარებლებს მოუწევდათ ლოდინი, ჩამოტვირთვის სრულად დასრულებამდე, რაც მეტად შეამცირებდა წარმადობას და გაართულებდა ვებსივრცით სარგებლობას.

აგრეთვე იხილეთ

წვლილი

ქუჩის სურათი: Street composing, ავტორი Kevin D.

 

მოცემულ მოდულში

 

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r
ბოლო განახლების ავტორი: G12r,